აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის "კანდიდატების" რეგისტრაცია დასრულდა.
ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ასარჩევად 27 ივნისს დაიწყო, რომელიც ე.წ. საარჩევნო კანონის თანახმად დე ფაქტო არჩევნებამდე 40 დღით ადრე უნდა დასრულდეს.
მას შემდეგ რაც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია საინიციატივო ჯგუფების მიერ ხელმოწერებს გადაამოწმებს და ე.წ. კანდიდატები აფხაზურ ენაში ტესტს გაივლიან, მათ სეპარატისტული რეჟიმის ცესკო ოფიციალურად დარეგისტრირებს.
ამ დროისთვის აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ სამი "კანდიდატია" წარდგენილი - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პრემიერ- მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ექს ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს არის დანიშნული.