აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს საჩუქრად ბინები გადაეცათ. ახალი ბინის გასაღები 192-მა ოჯახმა მიიღო.
თბილისში ისან-სამგორის რაიონში ე. წ. "სამხედრო ქალაქის" ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ერთად მივიდნენ. ყველა ახალმოსახლის ბინა ოროთახიანია, კორპუსი მთლიანად დასრულებული და ექსპლოატაციისთვის მზადაა.
გაკეთებულია კომუნიკაციები, გამრიცხველიანება, სველი წერტილები - სამზარეულოები და სააბაზანოები კეთილმოწყობილია აუცილებელი ინვენტარით, მათ შორის გამათბობლითა და გაზქურით.
"ეს არის სამხედრო ქალაქი, რომლის მშენებლობაც ოფიცრებისთვის დაიწყო. აქ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი სკვერები, ბაღები, სავაჭრო ცენტრი, მაგრამ პირველი კორპუსი რომელიც სრულიად დასრულდა და ექსპლოატაციაში შესასვლელდ მზადაა დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, უკლებლივ ყველას, გადავეცით. აქ ყველა სამუშაო დასრულებულია, დარჩა მხოლოდ შესახლების პროცესი, რაც მათი სურვილის მიხედვით დღეიდანვე შესაძლებელია დაიწყოს," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ახალი კორპუსის ყველა ბინა ფართითა და კეთილმოწყობით იდენტურია. მათი გადანაწილება ლოტოტრონის პრინციპით თავად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მონაწილეობით მოხდა.