დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 11-14 ივლისს სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.
„ქართული პარტიის" თავმჯდომარეს, კერძოდ, შეხვედრები ჰქონდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგთან, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტ ტაის ბერმანთან, საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო ამნისტიის" და „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის" (FIDH) წარმომადგენლებთან და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან.
სოზარ სუბარმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართული პარტიის" წევრების, პარტიასთან დაახლოებული პირების, მათი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების დევნის, უკანონო დაპატიმრებების, წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების, ყალბი ბრალდებების შექმნის შესახებ. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე ჯაშუშობის ბრალდებით ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავებასა და რელიგიური გაერთიანებების სტატუსის საკითხებზე.
„პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრისას, მხოლოდ „ქართულ პარტიასთან" დაკავშირებული დევნის ფაქტების კონსტატაციით არ შემოვიფარგლე. ყურადღება გავამახვილე აგრეთვე იმაზე, როგორი ძალადობა ხორციელდება „სახალხო კრების" წევრებზე, „შეფიცულებსა" და ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელებზე", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, 11-14 ივლისს გამართული ვიზიტის მიზანი საქართველოში შექმნილი ვითარების თაობაზე საერთაშორისო წრეებისა და ინსტიტუტების მხოლოდ ინფორმირება არ ყოფილა. სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ დასავლეთმა უნდა მიიღოს ზომები იმ რეპრესიული მანქანის შესაჩერებლად, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.
ვიზიტის ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგად ქართული პარტიის" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია, ევროპარლამენტში ან ევროპარლამენტის ეგიდით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას შეისწავლის და ამ საკითხს მონიტორინგს გაუწევს.
სოზარ სუბარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტ ტაის ბერმანთან გამართულ შეხვედრას, იმის გათვალისწინებით, რომ იგი კარგად არის ინფორმირებული საქართველოს შესახებ.
„ტაის ბერმანი ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც, წლების განმავლობაში მუშაობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და სხვათა შორის, თავის დროზე, ინტერვიუ აქვს აღებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასგან. ამასთან, ბაბუამისი საქართველოში ცხოვრობდა და გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამდენად, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი კარგად ერკვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ სიტუაციაში და მზად არის, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება აღმოუჩინოს უფლებაშელახულ ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა „ქართული პარტიის" თავმჯდომარემ.