ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და რუსეთის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის ინსპექტირების მიზნით, ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას.
"აღნიშნული ვალდებულებების დარღვევით, რუსეთი ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, რაც გამოიხატება სამხედრო ბაზების დაჩქარებული მშენებლობით, სამხედრო კონტინგენტის, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე უშიშროების ფედერალური სამსახურის ნაწილების კონცენტრაციით და შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებით. ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილია დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებები, რაც ცხადყოფს რუსეთის აგრესიულ გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში.
ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანის ვიზიტი წარმოადგენს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილებისა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს მკაცრ პროტესტს და მოითხოვს რუსეთისაგან შეწყვიტოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.