გიორგი აბდალაძეს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ეს დოკუმენტები ძალიან კარგად არის დაცული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფოტოებს ტვირთავდა სამინისტროს რამდენიმე კომპიუტერიდან და შეეძლო, ამ კომპიუტერების საშუალებით ზოგიერთ დოკუმენტთან წვდომა ჰქონოდა.
"მე არ ვლაპარაკობ საიდუმლო ინფორმაციაზე. ჩვენ გვაქვს როგორც ღია, ასევე კონფიდენციალური დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია, წარმოადგენს რუსეთისთვის და ყველა არაკეთილმოსურნისათვის ინტერესის საგანს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ფოტორეპორტიორების ბრალეულობას ადასტურებს.
"დაველოდოთ სასამართლოს, რადგან ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, სადაც მტკიცდება ადამიანის ბრალეულობა და ის, შეესაბამება თუ არა წაყენებული ბრალი მისი დანაშაულის დონეს ან ხარისხს. რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელიც ზოგიერთ ვითომდა გაზეთებში იწერება, რომ თითქოს ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება სასაცილოა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.