ხვალ, 11 ივლისს, „ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამუშაო ვიზიტით, ევროპაში მიემგზავრება. „ქართული პარტიის" ლიდერი, ვიზიტის ფარგლებში, სტრასბურგსა და ბრიუსელში რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქართული პარტიიდან აცნობეს, სტრასბურგში დაგეგმილია შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამარბერგთან, რომელსაც სოზარ სუბარი გააცნობს ბოლო პერიოდში „ქართული პარტიის" წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის, აგრეთვე უკანონოდ დაკავებულთა მიმართ დანაშაულებრივი მოპყრობისა და წამების ფაქტებს. „ქართული პარტიის" თავმჯდომარე თომას ჰამერბერგს ასევე მიაწვდის ინფორმაციას 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევის, განსაკუთრებით კი - დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე.
სოზარ სუბარი სტრასბურგიდან ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ის ევროპარლამენტის დელეგაციას და ევროკომისიის სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდება.