"მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი ღმერთმა გამოაგზავნა იმისათვის, რათა დახმარებოდა რუსეთს იმ სიძნელეების გადალახვაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა",_ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვლადისლავ სურკოვმა ჩეჩნეთის ტელევიზიის ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ასევე ღვთის გამოგზავნილად მიიჩნევს ჩეჩნეთის გარდაიცვლილ პრეზიდენტს აჰმად კადიროვსაც.
"მიმაჩნია, რომ პუტინი არის ის ადამიანი, რომელიც რუსეთს მისი ძნელბედობის ჟამს ღმერთმა გამოუგზავნა ჩვენი საერთო ერის შენარჩუნებისათვის. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს - პუტინს და კადიროვს უნდა ეპოვათ ერთმანეთი, ვინაიდან მათ დაბედებული ჰქონდათ ის, რომ ჩვენი ხალხები შეენარჩუნებინათ", _ განაცხადა სურკოვმა.
აღსანიშნავია, რომ სურკოვი დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციაში 2000 წლიდან ანუ იმ მომენტიდან მუშაობს, როდესაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდა. სურკოვი პუტინის ერთ-ერთ უახლოეს ადამიანად ითვლება. აღსანიშნავია, ასევე რომ მიმდინარე წლის მაისის თვეში რუსული პრესა ასევე წერდა, რომ ქალების პატარა ჯგუფს სჯერა, რომ პუტინი პეტრე მოციქულის რეინკარნაციაა.
აჰმედ კადიროვი კი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს 1994-1996 წლებში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა რიგებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. შემდეგ კი ფედერალური ძალების მხარეს გადავიდა. ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს იგი ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდა. აჰმედ კადიროვი მოკლეს, რის შემდეგაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობა მისმა შვილმა რამზან კადიროვმა დაიკავა.