6 პოლიტიკური პარტია არჩევნებისთვის ქვეყანაში მილიონი ამომრჩევლის მობილიზებას გეგმავს, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნული პარტიების მიერ ჩამოყალიბებული სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ არ შეეძლოთ ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმებოდნენ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რადგან ამაზე დათანხმება ნიშნავდა მმართველი პარტია კვლავ კონსტიტუციური უმრავლესობით მოსულიყო, ხოლო ოპოზიციას კვლავ დეკორაციის როლი შეესრულებინა.
"ჩვენ არ ვართ დეკორაცია, ამიტომ სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში ვაპირებთ მილიონი ამომრჩევლის მობილიზებას. ეს ის ხალხია, ვინც ხელისიუფლებამ გაწირა. ჩვენ არ გვჭირდება მათი მილიონი. მთავარი ძალა სწორედ ხალხშია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება არჩევნები, რომლითაც შეცვლება დღევანდელი ხელისუფლება და პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმი.
"არჩევნების გზით ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას რომელიც ქვეყანაში კანონის უზენაესობას დაფაუძნებს და ნამდვილ დემოკრატიას შექმნის", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.