დღეს, 5 ივლისს, სტრასბურგის ფილარმონიის დარბაზში (Palais de la Musique et des Congres de Strasbourg) ჩატარდება კონცერტი, სახელწოდებით „მუსიკა თავისუფლებისათვის" Musica Liberat".
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან ევგენი კასინი, მიშა მაისკი, მარტა არგერიჰი, გიდონ კრემერი და მისი ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა" და ა.შ. კონცერტი საქველმოქმედოა და ეხმაურება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი რუსეთში. ღონისძიების მიზანია ერთგვარი სოლიდარობის გამოცხადება რუსული პოლიტიკური სისტემის მიერ დევნილი მიხეილ ხადარკოვსკისა და პლატონ ლებედევის მიმართ, რომლებიც უკვე რვა წელია რუსეთის ციხეში რჩებიან.
კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ღონისძების ჩატარების ადგილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სტრასბურგი ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგვარი ცენტრია. კონცერტი „მუსიკა თავისუფლებისათვის" პირველი მასშტაბური კულტურული ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება ადამიანის უფლებებს, უნივერსალურ ღირებულებას, რომელიც ევროპას აერთიანებს.
კონცერტს გახსნის ებრაელ-ამერიკელი მწერალი, პროფესორი და პოლიტიკური მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი ელი ვიესელი. სტუმრებს შორის იქნებიან ქართველი და ესტონელი კომპოზიტორები, გია ყანჩელი და არვო პარტი, რომელთა ნაწარმოებებიც შესრულდება კონცერტზე. ღონისძიება გადაიცემა არაერთი ტელევიზიის ეთერში, მათ შორის ლიტვის, ესტონეთის, უკრაინის, რუსეთისა ( დამოუკიდებელი ტელეარხი „дождь'' ) და სხვა ტელეარხების მიერ.