"საქართველომ ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის მოწესრიგებას უნდა მიაპყროს და ნაკლები დრო ხარჯოს ყველაფრის მტრისთვის გადაბრალებაზე", - ურჩევს კარგნეგის ფონდის კავკასიის ექსპერტი თომას დე ვაალი საქართველოს ხელისუფლებას.
როგორც ის The National Interest-ში დაბეჭდილ სტატიაში წერს, ქართველებს ყველაზე ძალიან ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება, ეკონომიკური პრობლემები და პოლიტიკური ევოლუცია აწუხებთ, მაგრამ ბევრ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით კი მთავრობაში, სურს რომ საუბრის მთავარ თემას გარე მტერი წარმოადგენდეს.
"ეს ხომ არ ხდება იმიტომ, რომ ქართველები პარანოიით არიან შეპყრობილები და რუსი დათვის გამოყენება, მხოლოდ საკუთარი პრობლემებისგან თავის არიდების მიზნით სურთ? ან იქნებ რუსეთი მართლაც საფრთხეს უქმნის მათ? თუ ყველაფერი ერთად?", - ასეთ შეკითხვებს სვამს ექსპერტი.
ამასთან, თომას დე ვაალის აზრით, ინვესტიციის ბოლოდროინდელი მოცულობა, რომელიც საქართველოში ჩაიდო, "სამწუხაროა".
"2011 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი, შარშანდელზე უკეთესია, მაგრამ ინვესტიციის წყაროები - კვიპროსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი (დიდწილად, მათი ოფშორული ნაწილები) - დღეს საუკეთესო ფორმაში არ არიან. საქართველომ ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის მოწესრიგებას უნდა მიაპყროს და ნაკლები დრო ხარჯოს ყველაფრის მტრისთვის გადაბრალებაზე", - წერს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები