დღეს, 3 ივლისს, ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გადაირიცხება.
კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივი კონცერტის ბილეთის საშუალო ფასი 380 ლარია და მისი რეალიზაცია 25 მაისიდან დაიწყო. ბათუმში პიაცას მოედანზე, 2000 ადამიანი ეტევა და, შესაბამისად, "ისტერნპრომოუშენმა" 2000 ბილეთის რეალიზაცია მოახდინა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად კონცერტის ტრანსლაციის უფლება (1 საათი და 20 წუთი) ექნება ერთ სატელევიზიო არხს. კონცერტის მსვლელობისას უნდა გაითიშოს სატელიტი და ინტერნეტ კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და სიგნალის გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
გადაღების საშუალება მიეცემა ოთხი არხის გადამღებ ჯგუფს და მხოლოდ პირველი 3 წუთის განმავლობაში. კონცერტს დაესწრება ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ფოტომასალა უნდა გაავრცელოს ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის.
სავარაუდოდ ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო კრის ბოტისთან იქნება 15 წუთი, ხოლო სტინგთან 5-7 წუთი. ოთხივე გადამღები ჯგუფი და ერთი ფოტოგრაფი ინტერვიუზე დაიშვება რეპეტიციის დასრულების შემდეგ.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ: Lisa Fischer- ვოკალი; Billy Childs- ფორტეპიანო; Andrew Ezrin- კლავიში; Mark Whitfield- გიტარა; Carlos Puerto- ბასი; Billy Kilson- დასარტყამი ინსტრუმენტები; Caroline Campbell- ვიოლინო. მოწვეული მუსიკოსები: Dominic Miller- გიტარა; Jo Lawry - backup ვოკალი; Abdel Rhani Krija - პერკუსია
სტინგი, იგივე გორდონ მეთიუ ტომას სამნერი - ინგლისელი როკ-მუსიკოსი და მსახიობი, 1951 წლის 2 ოქტომბერს საპორტო ქალაქ ნიუკასლ-აფონ-ტაინში - ჩრდილო ამერიკის ინდუსტრიულ ცენტრში დაიბადა. მამა - ერნესტ მეთიუ სამნერი, წლების მანძილზე ადგილობრივ მანქანათმშენებელ კომპანიაში, მემონტაჟედ მუშაობდა. დედა - ოდრი კი - მედდად და თმის სპეციალისტად. მას, აგრეთვე, მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლება, ამიტომ შვილს ბუნებრივი მუსიკალური მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენია. დედას სურდა, შვილი საფორტეპიანო კლასს დაუფლებოდა. მაგრამ სტინგს ჯაზი და გიტარა მეტად იზიდავდა. 1976-84 წლებში სტინგი ჯგუფ „The Police"-ის ლიდერი გახდა. 1984 წლიდან კი ის სოლო-კარიერა დაიწყო.
1977 წელს სტიუარტ კოუპლენდმა, გიტარისტმა ენდი სამერსმა და სტინგმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი - „The Police". სადებიუტო სიმღერა - „Roxanne", თვალის დახამხამებაში გაჰიტდა. პარალელურად, სტუდიასთან „A&M" თანამშრომლობით, სასწრაფოდ გამოუშვეს პირველი ალბომი - „Outlandos D'Amour". ამას მოყვა ახალი ალბომების მთელი სერია: „Regata De Blanc, „Zenyatta Mondatta" და „Ghost in the Machine". ჯგუფმა პოპ-მუსიკის ისტორიაში ადგილის დამკვიდრება 1983 წელს გამოშვებული ალბომითა - „Synchronicity" და სინგლით - „Every Breath You Take" შეძლო. ტრიუმფალური მსოფლიო ტურნეს შემდეგ სტინგმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ჯგუფი. რადგან თვლიდა, რომ აქ მისი შესაძლებლობები ამოწურა.
სტინგის პლატინის სოლო-ალბომი „Dream of the Blue Turtles", ჯაზის ელემენტებს შეიცავდა. მომღერალი კომპოზიტორის ამპლუაში მოგვევლინა ალბომებში - „Soul Cages" და „Ten Summoner's Tales". 1987 წელს სტინგმა იმუშავა ალბომზე „Nothing Like The Sun" (სახელწოდება აღებულია შექსპირის სონეტიდან), რომელიც იმავე წელს მსოფლიოს ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა. 1991 წელს ავტობიოგრაფიული ალბომის „The Soul Cages" პრეზეტანცია გამართა. პარალელურად მუშაობდა „Ten Summoner's Tales"-ზე, რომელშიც შედიოდა ჰიტები: „If I Ever Lose My Faith In You" და „Fields Of Gold". სტინგი მოგვიანებით ბრაიან ადამსთან და როდ სტუარტთან ერთად სინგლს „All For Love" (საუნდტრეკი ფილმისთვის - „სამი მუშკეტერი") წერს. ალბომმა „Brand New Day" გრემის ორი პრემია მიიღო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ალბომი „All This Time" კი საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა.ამ ტრაგედიამ ღრმა გავლენა იქონია სტინგზე. სწორედ ამ ემოციებით იყო დატვირთული სიმღერა „Sacred Love", რომელიც 2003 წელს, პარიზში ჩაწერა. გრემის მორიგი ნომინაცია მიიღო სიმღერამ, ალბომიდან „Send Your Love". ფილმები მისი მონაწილეობით „Brimstone and Treacle" და „Quadrophenia", საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამჟამად სტინგი ლონდონთან ახლოს, ქალაქგარეთ მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ძაღლთან ერთად.