„თავისუფალი საქართველოს ლიდერები კახა კუკავა და გიორგი ცანავა ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან.
პარტიის ინფორმაციით, უკვე შედგა მათი შეხვედრა სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინ კოსაჩოვთან.
„თავისუფალი საქართველოს" ლიდერები აგრეთვე შეხვდნენ ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარეს ევგენი ფიოდოროვს, სადაც განხილულ იქნა ქართულ-რუსული ურთიერთობები.
შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის" დეპუტატთან კირა ლუკიანოვასთან.
დღეს გაიმართა კახა კუკავას და გიორგი ცანავას შეხვედრა რუსეთის მთავარ სანიტართან გენადი ონიშენკოსთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი.ონიშენკოს წინადადებით, მომზადდება ქართველი მეწარმეების და ექსპერტების ვიზიტი რუსეთში და შეთანხმებული იქნება კონტროლის როგორც სამართლებრივი ასევე ეკონომიკური მხარეები.
„თავისუფალი საქართველოს" ლიდერები აგრეთვე შეხვდნენ „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" ხელმძღვანელს ალექსანდრე ებრალიძეს და ვლადიმერ ხომერიკს. შეხვედრაზე რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავალი განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები იქნა განხილული. კახა კუკავა და გიორგი ცანავა რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს დღეს დაასრულებენ.