1-ელი ივლისს „სახალხო კრების" ტრადიციული ონლაინ კონფერენციის სტუმარი „ფეისბუქზე", აღმასრულებელი საბჭოს წევრი გია ბურჯანაძე გახლდათ. კონფერენცია 21:00 საათზე გაიხსნა და შემოსული ხუთი შეკითხვის შემდეგ, პორტალზე უცნაური პრობლემები დაიწყო.
პარტიის ინფორმაციით, მთელი ერთი საათის მანძილზე ოფისში არ ჩერდებოდა სატელეფონო ზარები, მოქალაქეები აღშფოთებულნი რეკავდნენ, რომ ვერ ახერხებდნენ „სახალხო კრების" გვერდზე დაედოთ შეკითხვები. 21:30 საათზე გაითიშა ყველა ძველი პოსტი, გაქრა მთელი ინფორმაცია თუ რაიმე განთავსებულა და ატვირთულა წარმომადგენლობითი სახალხო კრების გვერდზე. როგორც შემდგომში გაირკვა პრობლემები შეიქმნა მთელს საიტზე და არა მხოლოდ კრების გვერდზე. ზუსტად 22:11 წუთისათვის, მაშინ როდესაც გია ბურჯანაძის ონლაინ კონფერენცია დასრულდა, ყველა პრობლემა და ე.წ. ბლოკი „ფეისბუქზე" მოიხსნა.
არ გვინდა ვიფიქროთ შეთქმულების თეორიებზე მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა სწორედ იმდენ ხანს გაგრძელდა რამდენ ხანსაც ონლაინ კონფერენცია მიმდინარეობდა.
იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს, ცხადია იბადება კითხვა, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ცოტა ხნის წინ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც ინტერნეტ სივრცის სრული კონტროლის უფლება მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს?
ამ კითხვებზე პასუხს მომავალ კვირაში მივიღებთ, როდესაც „სახალხო კრების" ყოველკვირეული ონლაინ კონფერენცია კვლავ გაიმართება „ფეისბუქზე".