დღეს, 2 ივლისს, ჰემინგუეის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა. 1961 წლის 2 ივლისს მწერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი ერნესტ მილერ ჰემინგუეი 1899 წლის 21 ივლისს დაიბადა. ჰემინგუეის გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით. მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან. მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს - მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც "ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ". ჰემინგუეის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.
1916 წელს მან დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა "მანიტუს სასამართლო", რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში დაბეჭდა მოთხრობა "ყველაფერი კანის ფერშია", სადაც აღწერა კრივის ბინძური მხარეები. 1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროდ, თავის მეგობრებთან ერთად.
ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის "დაკარგული თაობა", ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.
ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის "მოხუცი და ზღვა". 1961 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.