"ქართული დასის" ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიასთვის მიუღებელია რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება. ამის შესახებ ბაღათურიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
"მიკვირს, რამ გამოიწვია ამ ცვლილებების მომზადება, საქართველოში რამდენიმე კონფესიის ადამიანი ცხოვრობს და რატომ უნდა მივუდგეთ იმ ნიშნით, ვინ როდის ჩამოვიდა. ახლა ეს ინიციატივა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია", - აღნიშნა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი.