„ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი ყოფილ კოლეგებს - „ახალ მემარჯვენეებსა" და „ქრისტიან-დემოკრატებს" უპირისპირდება და მათ „ფსევდოოპოზიციონერებს" უწოდებს.
უკვე დაშლილ „რვიანში" შემავალი აღნიშნული ორი პოლიტიკური სუბიექტისადმი დავითაშვილის უკმაყოფილება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე მათი თანხმობითაა განპირობებული, რასაც „ხალხის პარტიის" ლიდერი „გარიგებას" უწოდებს.
"ის გარიგება, რომელიც "რვიანის" ცალკეულმა წარმომადგენლებმა და სატელიტმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებასთან დადეს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება იმის გამო, რომ ეს შეთანხმება დაიდო ულტიმატუმის, შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ. პრაქტიკულად, ეს იყო კორუფციული გარიგება", - აცხადებს დავითაშვილი.
მისივე მტკიცებით, „ახლები" და „ქრისტიან-დემოკრატები" საერთაშორისო საზოგადოებას ოპოზიციად აღარ მიაჩნია.