ოპოზიციური „ექვსეული" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც სასტუმრო „თბილისი-მარიოტში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია, კონკრეტულად კი, განემარტა, რომ „ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების შანსი ხელიდან გაუშვა".
„დიპლომატიური კორპუსი საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებას და საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მხარდაჭერას უცხადებს. "ექვსიანმა" დიპლომატიურ კორპუსს განუმარტა, თუ რა შანსი გაუშვა ხელისუფლებამ ხელიდან, რომ ძირითად საკითხებზე პოლიტიკურ ოპოზიციასთან შეთანხმება შემდგარიყო. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ენა, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, დემოკრატიული ენა არ არის, ეს ავტორიტარი ლუკაშენკოს ენაა და ის უნდა შეიცვალოს. დიპკორპუსისგან მივიღეთ შეფასებები, რომლის თანახმად, პროცესი, რომელსაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ვაგრძელებთ, ძირითადი პოლიტიკური ძალების მოსაზრებებსაც უნდა ითვალისწინებდეს და კომპრომისული გამოსავალი ამას უნდა დაეფუძნოს", - განაცხადა ალასანიამ.