"ქართული პარტიის" ლიდერები უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე უფლებადამცველებს პოლიტიკური ტერორის, დევნის და ძალადობის იმ კონკრეტული ფაქტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ „ქართული პარტიის" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განახორციელა.
როგორც პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა შეხვედრისას აღნიშნა, სამართალდამცავებს პოლიტიკურ მძევლებად აჰყავთ არამარტო „ქართული პარტიის" მხარდამჭერები აყვანილი, არამედ უკვე მათი ოჯახის წევრებიც და ნათესავებიც.
პარტიის თავმჯდომმარისგან ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ნანა კაკაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ უახლოეს დღეებში მისი ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური სტუმრის სტატუსით, მიწვეულია ევროკავშირში და ის „ქართული პარტიის" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს.
ამასთან, შეხვედრაზე ზაქარია ქუცნაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ 19 ივლისს ჩატარდეს კონფერენცია ძველი და ახალი პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით, რომელიც „საზოგადოებას დაანახვებს, რომ პოლიტპატიმრების თემა დღითიდღე მძიმდება".
„ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის თქმით კი, უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ კონფერენციას მოამზადებს.
შეხვედრას "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, ასოციაცია „კანონი- ხალხისთვის" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი, მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე"-ს ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანეიშვილი, კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის" ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, " საერთო- სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენელი მაია ხარაძე, მოძრაობა „არა"-ს წევრი დაჩი ცაგურია და მოძრაობა „გადაარჩინე საქართველოს" თავმჯდომარე შალვა მექვაბიშვილი ესწრებოდნენ. შეხვდრაში ასევე მონაწილეობდნენ „ქართული პარტიის" დაკავებული წევრებისა და მხარდამჭერების ოჯახის წევრები და ადვოკატები.