ციხის ადმინისტრაციები საკარანტინე საკნებს, ხშირ შემთხვევაში, პატიმრების დასასჯელად იყენებენ.
ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" წამების წინააღმდეგ გამართულ რიგით მე-7 კონფერენციაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
„გლდანის # 8 საკარანტინო ნაწილში ახლადმიღებულ პატიმრებს რამდენიმე დღის და ზოგჯერ კვირის გატარებაც უწევთ გაუსაძლის პირობებში. ნაცვლად საკანრიტე დანიშნულებისა, ეს საკნები ხშირად გამოიყენება პატიმრების დასასჯელად. ადმინისტრაცია საკარანტინე საკნებს იყენებს დისციპლინული დანიშნულებისთვის და ციხის საცხოვრებელი კორპუსებიდან პატიმრები იქ გადაჰყავს დასჯის მიზნით... იქ მოთავსებულ პირებს არ აძლევენ საშუალებას მიიღონ შხაპი, გაისეირნონ და უზრუნველყოფილ იყვნენ სამედიცინო მომსახურებით", - განმარტა ტუღუშმა.
მისივე ინფორმაციით, გლდანის საპყრობილეში პატიმრებს სცემენ კარცერებში, საშხაპეებში, ასევე კარზე დაკაკუნებისთვის, ხმამაღლა დალაპარაკებისთვის და სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან კონტაქტის გამო.
„აღნიშნულს თავად გლდანის საპყრობილეში მოთავსებული პატიმრები არ ადასტურებენ, თუმცა ამაზე საუბრობენ სხვა დაწესებულებების პატიმრები. ყურადღებას იწვევს თავად გლდანის საცხოვრებელ ნაწილში დამკვიდრებული არაბუნებრივი სიჩუმე, რაც, ერთგვარად, გავრცელებულ ხმებს ადასტურებს", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.