"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ დეპუტატების რაოდენობის გაზრდის დამტკიცება ქართველ ხალხისთვის კონსტიტუციის თავზე გადაახევა იქნება.
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
დეპუტატმა წარმოადგინა 2005 წელს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად დეპუტატების 235-დან 150-მდე შემცირების თხოვნით მიმართავს.
ამასთან, გია ცაგარეიშვილმა მმართველი პარტიის და "ახალი მემარჯვენეების" 2007 წელის 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გამოსვლების სტენოგრამა წარმოადგინა, სადაც ორივე პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რეფერენდუმის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ.
"თუ რეფერენდუმის შედეგები უკანონო იყო არ მახსოვს ეს მაშინ ვინმეს გახსენებოდა, როცა მათმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატების შემცირების საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართა. მინდა ვკითხო მიხეილ მაჭავარიანს, პავლე კუბლაშვილს და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერებს, მათი განცხადებებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგება წინა მოწვევის ან ახლანდელი პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი და თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც შესაბამისად უკანონო ხომ არ არის?", - მიმართა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერებს.
მისივე თქმით, რეფერენდუმის შესხებ კანონში ხაზგასმით წერია, რომ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება გაუქმდეს, ამიტომ თუ პარლამენტი დეპუტატების რაოდენობის 190-მდე გაზრდას დამტკიცებს ამით ქართველ ხალხს კონსტიტუციას საბოლოოდ თავზე გადახევს.