საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შედეგებით კმაყოფილია.
როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებაში გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში აღინიშნა, კენჭისყრის შედეგები უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე ამას ქართული მხარე ელოდა.
„გენერალური ასამბლეის ეს გადაწყვეტილება ნათლად ცხადყოფს, რომ აღიარებულია, ერთი მხრივ საქართველოს მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო სამართლის პრიონციპები, რომელიც იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირების საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლებას გულისხმობს", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
ამასთან, მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთს რეზოლუციის ჩაგდების მცდელობა არ გამოუვიდა.
"სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც შეეცადა ამ საკითხის მკვეთრად პოლიტიზირებას და არა მხოლოდ მხარი არ დაუჭირა, არამედ საჯაროდ დააფიქსირა საწინააღმდეგო პოზიცია და მოუწოდებდა თანამეგობრობას, რომ არ დაეჭირა მხარი ამ რეზოლუციისთვის, რითაც აფიქსირებდა იმას, რომ არ აღიარებს დევნილების დაბრუნების უფლებას", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე ინფორმაციით, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია ნაურუს, მხარდამჭერთა შორის კი იყო ვანუატუ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას შარშანდელთან შედარებით 7-ით მეტმა სახელმწიფომ, სულ 57-მა დაუჭირა მხარი.