დღეს, 30 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრ "მოდინახეში" (კოსტავას ქ. 69) წარმოდგენილი იქნება დრამატურგ რეზო კლდიაშვილის პიესა "პილონი", რომელიც ჯონ სტაინბეკის მოთხრობის "ტორტილა ფლეტის" მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლის რეჟისორია ნუგზარ ბუცხრიკიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი რეზო კლდიაშვილის პიესით "პილონი", 2011 წლის 14 და 15 ივნისს გერმანიაში, კარლსრუეს "სანდკორნ თეატრში" იყო მიწვეული.
გაზეთი "კარლსრუეს კურიერი" სპექტაკლთან დაკავშირებით წერდა: "თეატრის მოყვარულმა სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოდან გვესტუმრნენ, წარმოადგინეს სპექტაკლი ქართულ ენაზე. მიუხედავად ამისა, ენობრივი ბარიერი არ შექმნილა, რადგან მუსიკალური გაფორმება, სცენოგრაფია, ქორეოგრაფია და ორიგინალური გამომსახველობითი ხერხები მაღალ დონეზე იყო. ამდენად, უცხოელ მაყურებელს დისკომფორტი არ შეჰქმნია".
"პილონს ისევ სჯერა სიკეთის" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა "badischen neuesten nachrichten"-მა თეატრის კრიტიკოსის უტე ეპიგნერის სტატია.
"badischen neuesten nachrichten"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდინახესა" და გერმანიის "სანდკორნ" თეატრს შორის მჭიდრო მეგობრული შემოქმედებითი კავშირი არსებობს. კარლსრუესა და თბილისში წელიწდში ერთხელ იმართება სპექტაკლების ჩვენება. ამჯერად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ქალაქის ბურგომისტრმა მარგარეტ მერგენმა მიიღო. მერგერმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განსაკუთრებული მიღებისთვის გერმანელ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა. მიღების დღეს ქალაქის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა.