"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის მტკიცებით, პარლამენტის წევრთა 150-დან 190-მდე გაზრდა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას არ საჭიროებს.
როგორც კაციტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილება „საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში ჯდება".
„რაც შეეხება 2003 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს, აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება. კერძოდ, უნდა გავიხსენოთ იმ რეფერენდუმის ჩატარების დრო და სიტუაცია. 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმის დღეს, კიდევ ორი არჩევნები ჩატარდა, რომელთაგან ერთი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო მეორე არა. თავისთავად, რომ ფაქტი ერთ ყუთში ერთი ბიულეტენი ბათილია, ხოლო მეორე არა, უკვე სერიოზულ ეჭვებს აჩენს... გარდა ამისა, როცა მე დეპუტატი ვიყავი და როცა პარლამენტმა დეპუტატების რიცხვი შეამცირა, ამის საფუძველი რეფერენდუმი არ ყოფილა, ეს იყო წმინდა საკონსტიტუციო ცვლილება", - განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და რიგ ოპოზიციურ ძალას შორის საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმება დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს მაშინ, როცა 2003 წელს მათ 150-მდე შესამცირებლად ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდა.