რუსეთმა ბელორუსს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად „ინტერ რაო" მინსკის მიერ 600 მილიონი რუბლის დავალიანებას ასახელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება დროებითი ხასიათისაა და თუ დავალიანება დროულად დაიფარება, ბელორუსს ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში სრული მოცულობით აღუდგება.
გასული კვირის ბოლოს ბელორუსის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიასნიკოვიჩმა განაცხადა, რომ ბელორუსი დავალიანებას უახლოეს დღეებში დაფარავდა. „ბელენერგოს" წარმომადგენელთა განცხადებით, ბელორუსს გააჩნია დავალიანების დასაფარი თანხა, თუმცა პრობლემა მის კონვერტაციას უკავშირდება.
ექსპერტების შეფასებით, ბელორუსისა და რუსეთის ურთიერთობაში ნებისმიერი გამწვავებული საკითხი პირველ რიგში პოლიტიკას უკავშირდება, კეთილი ნების შემთხვევაში კი, ეკონომიკური პრობლემების დაძლევა მხარეთათვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.