საბერძნეთის დედაქალ ათენში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აღნიშნულის მიზეზი მომიტინგეთა მხრიდან მაღაზიების ვიტრინების დაზიანება და პარლამენტის შენობის დამცველთა წინააღმდეგ ქვების სროლა გახდა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სულ დემონსტრაციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა თავად მომიტინგეთა მტკიცებით, მათი რიცხვი გაცილებით დიდი იყო.
დემონსტრაციები ათენში 48-საათიანი საერთო ეროვნული გაფიცვის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პაკეტის განხილვის პარალელურად იმართება. ეკონომიკის გაჯანსაღების პაკეტი პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპადრეუმ წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის დეფოლტის წინაშე დგას. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყნის ფინანსური დახმარების შესახებ, თუმცა ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში უნდა გატარდეს, რამაც საბოლოოდ ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს, მოსახლეობას არარეალურად მიაჩნია.