დღეს, 29 ივნისს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებას განიხილავენ.
ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის გენერალური დირექტორის, ჟან ლუი ლორანის მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება. მასში, ასევე, საუბარია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე, კონკრეტულად კი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე. ასევე განხილულია სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
ევროსაბჭო საქართველოს რეკომენდაციებითაც მიმართავს, მათ შორის არჩევნებამდე მინიმუმ ნახევარი წლით ადრე მაინც მოხდეს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაცია ეძლევა ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებითაც.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, მამუკა ჟღენტის შეფასებით, მოხსენება "ძალიან დადებითია".