29 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას ეყრება კენჭი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს შეეხება.
"გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ეს რეზოლუცია კენჭისყრაზე ჩვენი ინიციატივით გადის და საბედნიეროდ, მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობაც იზრდება. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს - უფრო მეტი ქვეყნის მხრიდან განხორცილდეს ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით რუსეთზე ზეწოლა", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, რეზოლუცია არაპოლიტიკური ხასიათისაა და გულისხმობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების უფლების შენარჩუნებასა და განხორციელებას.
"წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით მხარდამჭერთა რაოდენობა წელს გაცილებით გაზრდილი იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.