პროკურატურა მაშინ დაყენებს ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების საკითხს, როცა პროცესუალურად საჭიროდ მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პროკურატურის მიერ თავდაცვის ექს-მინისტრზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შეფასებისას განუცხადა.
"ოქრუაშვილის შემთხვევაში, დანაშაულის კონკრეტულ ფაქტთან, აღიარებით ჩვენებებთან და საგამოძიებო მასალასთან გვაქვს საქმე, რომლის საფუძველზე იღებს პროკურატურა გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ექსტრადაციის საკითხს, ამას თავისი წესი და პრცესუალურ ნორმა აქვს, როცა ჩათვლის საჭიროდ პროკურატურა, მაშინ მოითხოვს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ბალავაძის შეფასებით, ოქრუაშვლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აქამდეც უნდა აღძრულიყო, რადგან პარიზიდან პირდაპირ ეთერის საშუალებით მისი მოწოდებები კანონის ფარგლებს სცილდება.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "ქართული პარტიის" პარიზში მცხოვრები ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. თავდაცვის ექს-მინისტრს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა ედება.