დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალის საკანალიზაციო სისტემიდან ფეკალური მასები მდინარე არაგვში ჩადის, საიდანაც წყალი ბოდორნის წყალსაცავში ჩაედინება. ბოდორნის წყალსაცავიდან სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა მარაგდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-თბილისის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, ჟინვალის საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან 1987 წელს გამოვიდა. მას შემდეგ 1100 ოჯახზე გათვლილი კანალიზაციის გამსკდარი მილიდან გადმოსული ფეკალური მასა თბილისის სასმელ წყალსაც აბინძურებს და დაბა ჟინვალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებსაც.
"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მდინარე არაგვის ხეობის დასახლებათა კანალიზაციის სისტემების მოწყობის საკითხის შესწავლა და შესაბამისი ზომების მიღება თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს დაევალათ. პრობლემის მოგვარების მიზნით, ამ დრომდე, არც ერთ უწყებას არაფერი გაუკეთებია. კანალიზაციის მილი დაბა ჟინვალთან, სამხედრო გზის პირას არის დაზიანებული. დაზიანებული მილიდან ფეკალური მასა ზედაპირზე ამოდის და მიმდებარე ტერიტორიას ფარავს. ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემიდან გადმოსული ფეკალურ მასა მდინარე არაგვში ჩადის. არაგვიდან კი წყალი ბოდორნის წყალსაცავში ჩაედინება, საიდანაც სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა მარაგდება", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორია 2010 წელს შეამოწმეს. ფეკალური მასებით სასმელი წყლის და გარემოს დაბინძურების ფაქტი დადასტურდა და შესაბამისი აქტიც შედგა. მდინარე არაგვსა და მტკვარში გაუფილტრავი ფეკალური და სამეურნეო წყლების ჩადინების აღკვეთის მიზნით, გასულ წელს, დაბა ჟინვალში ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა უნდა აშენებულიყო. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
მათი ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაბა ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე, ფეკალური მასებით სასმელი წყლის და გარემოს დაბინძურების ფაქტს ადასტურებს.
"მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთეს. ეპიდემიოლოგების თქმით, ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის გაფილტვრის შემდგომი მიღების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობაში ნაწლავური ინფექციის, სალმონელოზის და მუცლის ტიფის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია", - ნათქვამია განცხადებაში.