საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ფიქრიც კი მიუღებელია.
ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიამ განუცხადა.
"მინდა შევახსენო ყველას და განსაკუთრებით თავად ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომ მისი მუშაობის პერიოდში მოხდა აფხაზეთის დაკარგვა, გახდა დევნილი ათასობით ადამიანი და დაიწყო პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ახლა დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოწოდებები ყოვლად მიუღებელია. ყველამ გაითვალისწინოს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მოხდა ეთნიკური წმენდა და ქართველები მხოლოდ ქართველობის გამო არიან დევნილები", - აცხადებს დავითაია.
ამასთან, დეპუტატი ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არა ოკუპირებული რეგიონის აღიარებას, არამედ, პირველ რიგში, მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ქართველობას და ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა.