საპარლამენტო უმრავლესობა პირობას დებს, რომ დეპუტატების 150-დან 190-მდე გაზრდა კანონის სრული დაცვით განხორციელდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგის შეცვლის საკითხს პარლამენტში განიხილავენ და ყველაფერი კანონის შესაბამისად განხორციელდება.
"არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკანონოდ. იურისტებთან ერთად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც იქნება კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. როგორც მახსოვს, 2003 წელს იყო პლებისციტი, რადგან კანონით, რეფერენდუმი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კი ოკუპირებულია", - აცხადებს მაჭავარიანი.
"რეფერენდუმის შესახებ კანონის" მიხედვით, რეფერენდუმის შედეგის შეცვლა, მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლება. პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა 235 -დან 150-მდე, 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად შემცირდა.