საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჯილეხით ორი მამაკაცი დაავადდა. ისინი 9 დღის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაავადებულების მკურნალმა ექიმმა მაკა ზედგინიძემ განუცხადა, პაციენტებს დაავადება საკუთარი საქონლისგან გადაედოთ.
„ერთ-ერთ დაავადებულს ხელის მტევანზე აღენიშნებოდა ციმბირის წყლულისათვის დამახასიათებელი ნიშნები. კანის ზედაპირი შეშუპებული იყო, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, აღენიშნებოდა შემცივნება. მეორეს ერთ ხელზე ჰქონდა შეშუპება. უკვე წყლული იყო დაწყებული. ძმებმა გვითხრეს, რომ ძროხა დაკლეს და გაატყავეს. მანამდე სამი ხბო მოუკვდათ", - განაცხადა ექიმმა.
სოფელ ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ალახიარ აბდულაევის განცხადებით, დაავადებული საქონლის ხორცი ვეტერინარული სამსახურის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში წაიღეს გამოსაკვლევად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სამსახურის ხელმძღვანელმა ჯიმშერ ოსიაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა თენგიზ მთვარელიშვილმა კი განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის.
ჯილეხი, ანუ ციმბირის წყლული მწვავე ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ამ დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ - სისხლისმწოველ მწერებს. ჯილეხის გამომწვევი ბაცილა აღმოჩენილ იქნა 1849 წელს გერმანელი მეცნიერის, ჰოლენდერის მიერ. ის ხასიათდება მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს ათეული წლების განმავლობაშიც კი. ჯილეხის ბაცილა დუღილს უძლებს 45-60 წუთის განმავლობაში. ხორცის დამარილება, გაშრობა და სხვა პროცედურები ჯილეხის სპორებს ვერ ანადგურებს. დაავადების საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა - 2-3 დღე. დროული და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი მთლიანად იკურნებ