„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევას აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა, პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.
„კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში პარტიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის ანალიზი საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ხარჯთაღრიცხვის ერთიანი ფორმის არარსებობაა. ზოგი პარტია ხარჯებს 4-5 კატეგორიად ჰყოფს, ზოგს კი გაცილებით დეტალური ხარჯთაღრიცხვა აქვს წარმოდგენილი. ზოგიერთი პარტია ხარჯების დიდ ნაწილს „სხვა ხარჯების" გრაფაში აერთიანებს. ეს მაჩვენებელი კი ხშირად მთლიანი ხარჯების 70 %-ია", - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელსაც პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის სრულყოფის კონტროლი ევალება და არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები პარტიების მიერ ფინანსური ანგარიშების არასრულად ან ხარვეზებით წარდგენისთვის.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ საარჩევნო პერიოდში ხშირად შეუძლებელია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროების დადგენა. ასევე, რთულია, საარჩევნო კამპანიის ფონდების სრულყოფილი გაკონტროლება.
ორგანიზაცია ხარვეზად ასახელებს იმასაც, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ აღემატება ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს ამასთან, ოპოზიციური პარტიები, მცირე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ დაფინანსებას, მმართველი პარტიის დამფინანსებელთა უმრავლესობა კი იურიდიული პირია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში პოლიტიკური პარტიების ჩართვის ინიციატივასაც.