გაეროს სამუშაო ჯგუფის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უკანონო დაპატიმრებები და მკაცრი განაჩენის გამოტანა მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ გაეროს კომუნიკეშია ნათქვამი.
გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება კი ვერ უზუნველყოფს დაკავებულების მინიმალური უფლებების დაცვას. გარდა, ამისა ისინი სრულიად გამორიცხავენ გირაოთი გათავისუფლებას.
გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი ხაჯი მალიკ სოუ აცხადებს, რომ საქართველოში საქმეების 90% სასამართლოს გარეშე პროცედურების გავლის შემდეგ სრულდება, მოსამართლეების ჩარევის გარეშე, რომელთა დროსაც ბრალდებულებს აიძულებენ, თავი დამნაშავეებად ცნონ.
"პროკურორი აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრალდებულთან, რომელთა შედეგად ეს უკანასკნელი აღიარებს თავის შეცდომას რიგ სისხლის სამართლის საქმეების ჩადენაში, პროკურორი კი ამისთვის მას პატიმრობის ვადას უმცირებს ან მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების მუხლების რაოდენობას ამცირებს", - აცხადებს იგი.
სოუ აღნიშნავს, რომ საქართველოში ბრალდებისა და ბრალდებულის მხარეებისთვის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს. ეს ფუნდამენტალური უფლებაა სამართლიანი სისხლის სამართლის პროცესის ჩასატარებლად. ამის მიუხედავად, საქართველოში ბრალდების მხარეს, ბრალდებულის მხარესთან შედარებით, უპირატესობა აქვს.
გაეროს ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში ძალიან დაბალია გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი - იგი 0,1 %-ს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულთა უმეტესობას ციხეში სვამენ. ქართველმა პატიმრებმა გაეროს ექსპერტებს განუცხადეს, რომ მათ სასამართლო გარჩევის დროს ეშინოდათ იმისა, რომ ბრალის აუღიარებლობის შემთხვევაში, მათ კიდევ უფრო მეტ ხანს მიუსჯიდნენ პატიმრობისთვის.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 11 ციხე მოინახულა და 158 პატიმარი გამოკითხა.