„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის მტკიცებით, პარტიათა დაფინანსების მოთხოვნა ხელისუფლებას თავად „რვიანმა" წაუყენა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის მილიონი ლარის გამოყოფის წინადადება მმართველ გუნდს მათთვის „თავისი ნებით" არ შეუთავაზებია.
„რვიანის" იმ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდო, საუბარი იყო, რეზულტატის შემდეგ პარტიებს მიეღოთ დაფინასება. ეს გახლდათ თავად „რვიანის" მოთხოვნა. ეს არ შემოუთავაზებია ხელისუფლებას საკუთარი ნებით", - განუცხადა კაციტაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მილიონი ლარი ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა.
„მილიონი, ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის და თუ ვინმე მეტყვის, რომ ფული არ არის საჭირო არჩევნებისთვის და პოლიტიკისთვის, ის ელემენტარულად ვერ ერკვევა პოლიტიკაში", - განმარტავს კაციტაძე.
ამასთან, „ახლების" წარმომადგენლის თქმით, იმ პარტიათა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, რომლებიც არჩევნებში დაწესებულ ბარიერს გადალახავენ, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ამ მიმართულებით ქართული პოლიტიკა გამონაკლისს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ ოპოზიციური „რვიანისთვის" შეთავაზებულ წინადადებებს შორის იმ მუხლს, რომელშიც საუბარია, რომ დაფინანსებას მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივებს შეუერთდებიან, კაციტაძის შეფასებით, „ეს მძიმე მუხლია, მაგრამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან მიღწეული შედეგის მისთვის შეწირვა დაუშვებელია".
„რა თქმა უნდა, სჯობს ეს მძიმე მუხლი არ იყოს ამ შეთანხმებაში, მაგრამ ხელისუფლებასთან მიღწეულ შედეგს ამ მუხლს ვერ შევწირავთ. მიიღე გადაწყვეტილება, მიიღე საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და მიიღე დაფინანსება", - აღნიშნა „ახლების" ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ ოპოზიციური „რვიანისთვის" შეთავაზებულ წინადადებებში ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5 პროცენტი), სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის 300 000 ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზო რეკლამების ხარჯების დასაფარად, თუმცა ამ შეთანხმების #2, #3-ის მე-2 და #3-ის მე-5 პუქტების პირობები მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდება.