საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე ოპოზიციური „რვიანის" პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ, 27 ივნისს გახდება ცნობილი.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „რვიანში" შემავალი „ეროვნული საბჭოს" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტზე „რვიანი" ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს მართავს.
„ჩვენ გუშინაც გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. დღესაც გაიმართება. ვმსჯელობთ ამ წინადადებაზე, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის თქმა, ახლა არ შემიძლია", - განმარტა ძიძიგურმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ოპოზიციურ "რვიანს" საბოლოო საპასუხო წინადადებები ორი დღის წინ წარუდგინა. ეს ინიციატივებია: 1. საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შეადგენს 190-ს, აქედან 83 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან აირჩევა, ხოლო 107 - პროპორციული სისტემის საფუძველზე. 2. საარჩევნო სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ხელისუფებლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება; კომისიამ 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში ამომრჩეველთა სიების გადამოწმება უნდა უზრუნველყოს. პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე ცსკ-მ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა უნდა უზრუნველყოს. კომისიის საქმიანობას აპარატი უზრუნველყოფს. კომისიის წევრებისა და აპარატის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. 3. საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები: 3.1 საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 000 ლარის ოდენობით - ფიზიკური და 200 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისთვის. 3.2. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5 პროცენტი), სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის 300 000 ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზო რეკლამების ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცსკ-ს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს. 3.3 კანონის საფუძველზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომლის მიზნადაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე რეაგირება განისაზღვრება. 3.4 კანონის საფუძველზე განხორციელდება მედია-მონიტორინგი, რომლის მიზანიც საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება იქნება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით კომპეტენტური უცხოური ან საერთაშორისო კომპანიის შერჩევას ცსკ უზრუნველყოფს. 3.5 არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინასნება განცორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცსკ-სთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თითო წრამომადგენელზე 50 ლარის ოდენობით. 3.6 დადგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე. 3.7 გადაიხედება დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტებისთვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ხელისუფლების განცხადებით, ამ შეთანხმების #2, #3-ის მე-2 და #3-ის მე-5 პუქტების პირობები მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდება.
აღნიშნული შეთანხმებებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები არაუგვიანეს 2012 წლის ოქტომბრისა უნდა განხორციელდეს.