„საქართველოს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც დიდი, წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნისა. შესაძლოა გინახავთ კიდეც რეკლამა Financial Times-ში, Economist-ში ან CNN-ზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორია, მაგრამ ყველამ ვინც საქართველოში ყოფილა და რეალობა უნახავს, იცის რომ ეს ძირითადად ჭკვიანური PR კამპანიაა", - აცხადებს კარგნეგის ფონდის კავკასიის ექსპერტი თომას დე ვაალი, „foreignpress"-სთან საუბარში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის პერსპექტივებს აანალიზებს.
ექსპერტის აზრით, საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს. მთავრობამ ჩაატარა რამდენიმე საჭირო რეფორმა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პროცესის დასასრულისგან.
„არსებობს პრობლემათა ჩამონათვალი. ინფლაცია ახლა დაახლოებით 14%-ია, ხოლო ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე - 30%. მთავრობამ, რეალურად, უყურადღებოდ დატოვა სოფლის მეურნეობა. შედეგად კი დღეს საქართველოში, რომელიც ოდესღაც მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო, საკვები პროდუქტის 80% იმპორტირებულია. გარდა ამისა, უმუშევრობა ძალიან მაღალია - დაახლოებით 30% თბილისში. საქმე ისაა, რომ მიუხედავად გარკვეული ეკონომიკური ბუმისა საქართველოში, ეს ეკონომიკის იმ სექტორებს შეეხო, რომლებიც ბევრ სამუშაო ადგილს ვერ ქმნიან. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ საქართველომ ვითარება გამოასწოროს - შექმნას საექსპორტო სექტორი, გამოაცოცხლოს სოფლის მეურნეობა, რათა ქვეყანამ საკუთარი თავის გამოკვება შესძლოს - დიდი პრობლემები უნდა გადალახოს. ამავე დროს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეცემა, ამიტომ რეალურად ჩნდება კითხვა, საიდან შემოვა ფული და აქვს თუ არა საქართველოს გრძელვადიანი, მდგრადი მოდელი", - განმარტავს ექსპერტი.
ამასთან, თომას დე ვაალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების სავარაუდო ვარიანტებზეც საუბრობს და ამ კუთხით არსებულ „სამკუთხედზე" ამახვილებს ყურადღებას.
„ამ ბოლო დროს ქვეყანასთან დაკავშირებით დაწერილ ანგარიშში, მე საქართველოს განვითარების შესაძლებლობების განსამარტად მაგალითად სამკუთხედი მოვიყვანე. პირველ კუთხეს „ძველი საქართველო" ვუწოდე. როდესაც საქმე კულტურას ეხება, ყველას ვინც საქართველოში ჩადის, ძველი საქართველო ურჩევნია: საზოგადოება, ადამიანებთან შეხვედრა, არაჩვეულებრივი ძველი ტრადიციები და გასაოცარი ძველებური მართლმადიდებლური ტაძრები, მაგრამ როდესაც საქმე არა კულტურას, არამედ სოციალურ მოდელს ეხება, ყველაფერი ოჯახის გარშემო ტრიალებს, ეს კი ნიშნავს ნეპოტიზმს, იმისკენ მოწოდებას რომ ადამიანებმა უცხოეთში წასვლისგან თავი შეიკავონ (მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილაპარაკა ასე), აბსოლუტურად არატრანსპარენტულ ბიზნეს-პრაქტიკას - აი ამ ტიპის ქცევას ბევრი დღესაც მისდევს საქართველოში. ჩემი სამკუთხედის მეორე კუთხეს „სინგაპური" დავარქვი. ამაზე პრეზიდენტიც ლაპარაკობდა. მან ის სთქვა, რომ „კავკასიაში სინგაპურის" შექმნა სურს. აქ კიდევ არსებობს ულტრა-ლიბერალური ჯგუფი, რომელიც ისე ფიქრობს, როგორც ბევრი შეერთებულ შტატებში - მასიური დერეგულაცია, ყველაფრის პრივატიზაცია და თავისუფალი ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან. ეს ის მოდელია, რომელმაც ევროპისა და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში წარმატებას მიაღწია, მაგრამ სხვა სექტორებში იგივე ვერ შესძლო, მაგრამ ჯგუფი ჯერ კიდევ საკმაოდ გავლენიანია. ჩემი მესამე კუთხე იყო „ევროპის კავშირი". ეს ხანგრძლივი პროცესია - ინსტიტუტების მშენებლობა, რეგულაციების შემოღება, სტანდარტების დაცვა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ნელა მიუახლოვდება ევროკავშირს. მსგავსი მოდელით განვითარდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები.
საქართველოს მთავრობას თითქოს სამივე კუთხესთან აქვს ფლირტი - განსაკუთრებით სინგაპურსა და ევროკავშირთან, თუმცა რეალურად ვერ ჩამოყალიბებულა. სინგაპურისა და ევროკავშირის მოდელები საკმაოდ შეუთავსებელია. ერთი გულისხმობს მასიურ დერეგულაციას, მეორე - რეგულაციასა და ინსტიტუტების მშენებლობას. როგორც თბილისში ერთმა დიპლომატმა მითხრა, ის ამ ვითარებას "იოგა ბერას" (პოპულარული ამერიკელი სპორსტმენი) სტრატეგიებს უწოდებს - როდესაც გზაჯვარედინზე მისული, სამივე მხარეს აპირებს წასვლას. საქართველოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, რომელ გზას დაადგეს", - მიიჩნევს თომას დე ვაალი.
ექსპერტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „სინგაპურიზაცია" მიმზიდველად ჟღერს, საქართველო მაინც ძალიან აგრარული ქვეყანაა. ის არც ერთი თვალსაზრისით არ არის დიდი ცენტრი და სწრაფი მოდერნიზაციის შესაძლებლობებიც საკმაოდ მცირე აქვს.
„გეოგრაფიულად ეს ევროპული ქვეყანაა, მისი მეზობლები ევროპისკენ იხედებიან, მას დასაყრდენი სჭირდება, განსაკუთრებით რუსეთთან მისი პრობლემების გამო და ამიტომ ევროკავშირი მისთვის საუკეთესო მოდელი უნდა იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად გულისხმობს ძალაუფლების მონოპოლიის ნაწილის დათმობას და არა მართვის იმ არაფორმალურ სტილს, რომელიც მმართველ ელიტას მოსწონს, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის გეზი, რომელიც მათ უნდა აიღონ. ამიტომ საქართველოს ამ მიმართულებით წასასვლელად ბრიუსელისგან და შეერთებული შტატებისგან მეტი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, კომუნიკაციის უკეთესი სტრატეგია. ეს მიდგომა, ცხადია ბევრ მტკივნეულ რეფორმას მოითხოვს, რეფორმებს რომლებიც საჭიროებს ფულს და რთულია მოსახლეობისთვის, მაგრამ მოსახლეობამ გვირაბის ბოლოს სინათლე უნდა დაინახოს და ამ გზას უნდა გაუყვეს", - აცხადებს ის.
ყოველივე აღნიშნულის კონტექსტში თომას დე ვაალი მიიჩნევს, რომ საქართველო ძალიან უცნაური შემთხვევაა.
„მოსახლეობა აქ 5 მილიონზე ნაკლებია, საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა და უმეტესი სტანდარტებით დიდ ინტერესს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ის იწვევს დიდ ინტერესს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ახალგაზრდა დასავლური განათლების მქონე ელიტამ ვაშინგტონში ბევრი მეგობარი შეიძინა. ეს განსაკუთრებით აშშ-ს წარსული ადმინისტრაციის მმართველობისას მოხდა, რადგან პრეზიდენტ ბუშსა და სააკაშვილს პირადი სიახლოვე აკავშირებდათ. 2008 წლის ომის კატასტროფის შემდეგ, ურთიერთობა გარდაუვლად გაცივდა, მაგრამ ვაშინგტონში დღემდე ბევრია ადამიანი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს დახმარება სჭირდება და რომლებიც საქართველოს ერთგვარ ანტი-რუსეთად განიხილავენ. ეს განწყობები ჯერ კიდევ აღანთებს ენთუზიაზმს. დროა დავტოვოთ ეს ნარატივი და განვაცხადოთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ზოგიერთი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი პრობლემები. ის არავითარ შემთხვევაში არ არის მოდელი და არც დემოკრატიის შუქურა. საქართველოს აქვს პოზიტიური მომენტები, მაგრამ მას პირობებზე დაფუძნებული სიყვარული სჭირდება.
ასეთი სიყვარული კი ნიშნავს მკაცრ ბიძგებს სწორი მიმართულებით. ეს ხალხი სასწაულმოქმედი არ არის და შინ მათ არა აქვთ კონტროლისა და ბალანსის მწყობრი სისტემა, ასე რომ კონტროლი და ბალანსი გარეგანია და ეს მართლა აკისრებს პასუხისმგებლობას ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რათა ქართულ ელიტას დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით უბიძგონ", - ამბობს ექსპერტი,