კომპანია „ნატახტარის" თბილისის ლუდის ფესტივალი დღეს 17:30 საათზე სპეციალური მსვლელობით დაიწყება, რომელიც სტარტს სასტუმრო „ჰოლიდეი ინიდან" აიღებს და თბილისის სხვადასხვა უბნების გავლის შემდეგ, 18:00 საათზე ვარდების რევოლუციის მოედანზე დასრულდება, სადაც გაიმართება ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი. მსვლელობა სპეციალურიად გაფორმებული ავტოკოლონით წარიმართება, რომელშიც მონაწილეობას გერმანიიდან ჩამოყვანილი პრომო გოგონებიც მიიღებენ. დღეს ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება და საკონცერტო პროგრამასთან ერთად, გაიმართება უამრავი გათამაშება და კონკურსი. დღესვე თბილისის ლუდის ფესტივალს შემოუერთდებიან სპეციალურად ღონისძიებაზე ჩამოსული სომეხი და აზერიბაიჯანელი ტურისტები და მედიის წარმომადგენლები.
25 და 26 ივნისს, თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე უკვე მეორედ გაიმართება „თბილისის ლუდის ფესტივალი", რომელიც, გასული წლის მსგავსად 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და გაცილებით უფრო მასშტაბური ღონისძიება იქნება. ამით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების ქართული ანალოგი ტრადიციულ სახეს იღებს.
გერმანული და ზოგადად დასავლური გამოცდილების დანერგვის მიზნით, ფესტივალის ორგანიზებაში ჩაერთო მსგავსი ტიპის მასობრივი გასართობი ღონისძიებებისა და მასშტაბური პრომო აქციების ჩატარებაში გამოცდილი და დახელოვნებული პრომო პერსონალი, რომელიც , გარდა იმისა, რომ ქართველ ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდა ფესტივალის კონცეპტუალურ დაგეგმვაში, ასევე, მიიღებს მონაწილეობას ჩვენთან ჩასატარებელ ღონისძებაში. ასე რომ, წელს პირველად ტრადიციულ ბავარიულ ფორმებში გამოწყობილი ქალბატონები გახსნიან თბილისის ლუდის ფესტივალს და მის სტუმრებს 2 დღის განმავლობაში მოემსახურებიან.
„ნატახტარის" ლუდის ფესტივალი, სადაც ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია მოხვედრა, უამრავი გასართობი და საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ვარდების რევოლუციის მოედანზე იქნება დამონტაჟებული სპეციალური სცენა, სადაც გაიმართება ცოცხალი კონცერტი ცნობილი ქართული ჯგუფების მონაწილეობით. საკონცერტო პროგრამა შედგება სხვადასხვა შემსრულებლისგან, მათ შორის არიან „მგზავრები", „ფრანი", „როდრიგესი", სალომე კორკოტაშვილი და 4 ცნობილი პაბის ბენდი.
„ნატახტარის ლუდის ფესტივალზე" ერთდროულად შეძენილ ყოველ 5 კათხა (1 კათხა ეღირება 1 ლარი) ლუდზე სტუმარი მიიღებს 1 ბილეთს, სადაც ექნება შანსი რომ მოიგოს 5 სხვადასხვა ტიპის საჩუქარი: ქუდი, უფასო ლუდი, სათვალე, კათხა და მაისური. ასევე მოეწყობა თამაშები და სხვა გასართობი ღონისძიებები. ტერიტორიაზე ორგანიზატორების გადაწყვეტილებით განთავსდება 4კვების ობიექტი, რომელთა სამზარეულო განსხვავებული იქნება. ვარდების მოედანზე, ასევე, დაიდგმება ხის გრძელი მაგიდები და მთელს ტერიტორიაზე დაიდება თივის შეკვრები. დასავლური ლუდის ფესტივალების ანალოგიურად, აქაც გაიყიდება ღონისძიების ლოგოიანი სამახსოვრო სუვენირები და საჩუქრები. აღსანიშნავია, რომ წელს ლუდის ფესტივალზე, „ნატახტარის ლიმონათის" ორგანიზებით მოეწყობა სპეციალური კუთხე ბავშვებისათვის.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ნატახტარი". ღონისძიების მენეჯმენტს ახორციელებს კომპანია „ბეთერფლაი". მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობას უზრუნველყოფს კომპანია „ჯეპრა".