სოხუმში ზღვაში 13 წლის დამხრჩვალი მოზარდის, ტიმოფეი გვაზავას ცხედარი იპოვეს. მოზარდი მეგობრებთან ერთად სინოპის რაიონში, ზღვასთან, ძლიერი შტორმის დროს თამაშობდა. ტალღების სიმაღლე შტორმის დროს 12 მეტრს აღწევდა.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის ლევ კვიწინიას ინფორმაციით, ზღვასთან ახლოს მყოფი მოზარდები, ახლოს გამავალი უფროსების რჩევებზე არ რეაგირებდნენ.
"ტრაგედიის თვითმხილველები ბიჭის გადარჩენას ეცადნენ, თუმცა მათი ძალისხმევა ძლიერი შტორმის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა", _ აცხადებს კვიწინია.