სომხეთის ეკლესიამ საქართველოს წინააღმდეგ "ჯვაროსნული ლაშქრობა" გამოაცხადა. ამ სათაურით აქვეყნებს აზერბაიჯანული გამოცემა "ვესტი.აზ" სტატიას, რომელიც სრულიად სომეხთა პატრიარქის გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტს ეხება.
"ნამდვილად არ გაუმართლა იმ ხალხებს, რომელთა მეზობლები "მრავალტანჯული" სომხები აღმოჩნდნენ. მათ ხან სომხების ტერიტორიული პრეტენზიების და კულტურული პლაგიატის თავხედური თავდასხმების მოგერიება უწევთ და ხანაც სომხური ეკლესიის ექსპენსიის მოგერიება. და თუ ადრე ყველაზე მეტი დარტყმები აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებიც იყო, ამჟამად უკვე სომხების თავდასხმის ობიექტი საქართველო გახდა, რომელსაც ეჩმიაძინმა ნამდვილი საეკლესიო ომი გამოუცხადა", _ ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
სტატიაში ნათქვამია, რომ სრულიად სომეხთა პატრიარქის გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტის დროს უნდა ხელმოწერილიყო სომხური და ქართული ეკლესიების ერთობლივი კომუნიკე პარიტეტულ საწყისებზე საქართველოში სომხური (გრეგორიანული), ხოლო სომხეთში ქართული (დიოფიზიტური) ტაძრების გახსნის შესახებ.
"თუმცა სრულუად სომეხთა კათოლიკოსმა საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პატრიარქთან ილია II-სთან შეხვედრის დროს საქართველოში სომხური ეკლესიებისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება და საქართველოში 6 უმოქმედო სომხური ტაძრის სომხეთისათვის გადაცემა მოითხოვა. ასევე ზომების მიღებაზეც გაამახვილა ყურადღება მათი შენარჩუნებისათვის", _ ნათქვამია სტატიაში.
ამის საპასუხოდ, "ქართულმა მხარემ სომხეთში არსებული 5 ქართული ეკლესია-მონასტრის საკითხი დააყენა, კერძოდ, ქართული ტაძრებისა, რომლებიც ლორეს ოლქში მდებარეობენ".
"იმასთან დაკავშირებით, რომ სომხურმა მხარემ უარი განაცხადა, სომხეთში არსებული ქართული ტაძრებისათვის იგივე სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც მას თავად სურს საქართველოში არსებული სომხური ტაძრებისათვის, კომუნიკეს ხელმოწერა ჩაიშალა და გარეგინ II-მ განაწყენებულმა დატოვა საქართველო თავისი ვიზიტის დასრულებამდე ორი დღით ადრე", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის ილია II-ის სიტყვებია მოყვანილი:
"გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც მეტი გამოცდილება სჭირდება. სომხებს საქართველოში ტაძრების გახსნა სურთ, მაშინ სომხეთშიც უნდა გაიხსნას ქართული ტაძრები. მინდა ვთქვა, რომ ის ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ სურს, რომ ყველაფერი მალე მოხდეს, ასე კი არ გამოდის. მე ვუთხარი მას, რომ დიდი გამოცდილება მაქვს 33 წლიანი და ამიტომაც სიმშვიდე ყველაფერს სჯობს. იყო საუბარი ურთიერთობებზე. სომხებს საქართველოში მეტი ტაძრის გახსნა სურთ, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ასეთი შეთანხმება, რომ თუ აქ რამე გაკეთდება სომხური, იგივე უნდა გაკეთდეს სომხეთში ქართული. საქართველოს ეკლესია ყველასთან თანამშრომლობისათვის მზადაა, მაგრამ საქართველოს ეკლესია არ დაუშვებს, რომ დამცირებული იყოს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა", _ ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.
"საქართველოს პატრიარქის სიტყვებმა სომხეთში რისხვა გამოიწვია. სომხურ მედიაში გაჩაღდა კამპანია ქართული ეკლესიის და პირადად საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. ანტიქართული კამპანიის სათავეში ეჩმიაძინის კანცელარიის უფროსი არშაკ ხაჩატრიანი უდგას სათავეში, რომელიც გარეგინ II-ეს საქართველოში ახლდა", _ წერს აზერბაიჯანული მედია და ხაჩატრიანის სიტყვები მოჰყავს.
"ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო კათალიკოსის ვიზიტი ნორაშენისა და სურბ ნშანის ტაძრებში ვერ განხორციელდა. ბოლო დროს ქართული ეკლესია მოუთმენლობასა და რადიკალზმს ავლენს სხვა ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მიმართ. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესია ცდილობს ეკლესიათაშორისი ურთიერთობები საბაზრო ურთიერთობებად გადააქციოს", _ აცხადებს ხაჩატრიანი.