"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს ნინოშვილის ქუჩაზე, მამნიაშვილების ხუთსულიან ოჯახს ეწვივნენ და უმწეოთა პროგრამიდან მათი ამოღების მიზეზების გარკვევას შეეცადნენ.
როგორც მამნიაშვილებმა გიორგი ახვლედიანს და მაგდა ანიკაშვილს განუცხადეს, მათთვის სამედიცინო პოლისის გაუქმების მიზეზი, ჯერ კიდევ 1997 წელს გასხვისებული ავტომობილი გახდა.
"ეს არაა ერთეული შემთხვევა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში აღმოჩენილი ქონების გამო ოჯახი შემწეობის გარეშე რჩება. ამასთან ერთად, პრობლემაა ისიც, რომ პროგრამიდან ამოღების შემდეგ, მათ 3 წელი აღარ შეუძლია ახალი განაცხადის შეტანა. ჩვენ ვითხოვთ გაუქმდეს მთავრობის დადგენილებ, რომლის თანახმადაც, თუ შსს-ს ბაზაში აღმოჩნდა ავტომობილი, რომელიც დეკლარაციაში მითითებული არაა, ეს გახდეს პროგრამიდან ოჯახების ამოღების საფუძველი" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს მიეცეთ უფლება გადაამოწმონ, ფლობს თუ არა ესა თუ ის ოჯახი პოლიციის მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ, რეალურად კი არარსებულ ქონებას.