საოჯახო სასტუმროების ფიქსირებული გადასახადი ფისკალურადაც გამართლებულია. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც საოჯახო სასტუმროებისათვის ფიქსირებული გადასახადების შემოღებას ითვალისწინებს, ბიზნესისთვისაც კარგი და წამახალისებელია და შემოსავლების სამსახურსაც მუშაობას გაუმარტივებს.
გიორგი პერტაია ამბობს, რომ, ანალოგიური ცვლილების შესახებ ინიციატივა თავად ბიზნესისგან გამოდიოდა. ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ ანალოგიური თხოვნით შემოსავლების სამსახურის უფროსს მცირე და საშუალო საწარმოების ხელმძღვანელებმა ქობულეთში შეხვედრისას მიმართეს.
"წლების განმავლობაში სასტუმროებს ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ. ქობულეთში უფრო მეტი დამსვენებელი ჩადის ვიდრე ბათუმში, რადგანაც ბათუმში უფრო მაღალბიუჯეტიანი ტურისტი ჩადის. ბევრია ისეთი სასტუმრო, რომლებთაც დიდი შემოსავალი არ აქვთ, ანუ არიან სუფთა სეზონური. შესაბამისად, იქ სადაც მაღალი შემოსავალი არ არის გაცილებით უფრო გართულებულია აღრიცხვა, რადგანაც მათ კვალიფიკაციური ბუღალტრის დაქირავება ძალიან ბევრი უჯდებათ და მთელი ფული თუ ბუღალტერიასა და აუდიტში გადაიხადა ბიზნესსაც ვერ განავითარებს. მეორე მხრივ, პრობლემაა ის, რომ ოფიციალურად იყო შავი ბიზნესიც", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ბიზნესომბუდსმენმა.
გიორგი პერტაია ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურს საოჯახო სასტუმროებზე კონტროლი და შესაბამისად მათგან გადასახადის აკრეფა აქამდეც კი შეეძლო, მაგრამ სახელმწიფოსთვის ნაკლებად გამართლებული იქნებოდა.
"კონტროლი შემოსავლების სამსახურს შეეძლო და შეუძლია კიდეც, თუმცა საქმე იმაშია თუ რამდენად უღირს. რადგანაც ამ მხრივ, დახარჯული რესურსი და დრო, შემოსავლების მიერ გაწეული ხარჯი უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე ამ ხალხისგან ამოღებული თანხები. ყველაზე იდეალური ვარიანტი იყო ფიქსირებული გადასახადი ამ ხალხისთვის. როდესაც გაქვს გაურკვეველი ბიზნესი, განვითარებაზე არ ფიქრობ. ფიქსირებული გადასახადის მთავარი მიზანი არის ის, რომ ასეთმა ხალხმა თავი იგრძნონ ბიზნესმენებად და განავითარონ საკუთარი ბიზნესი და ამ მიმართულებით იფიქრონ", - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
როგორც ცნობილია, მთავრობის ინიციატივით ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის მიხედვითაც კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები შემოსავლების სამსახურში საკურორტო სეზონის პერიოდს დაარეგისტირებენ, რომლის განმავლობაშიც ფიქსირებულ გადასახადს მხოლოდ გაქირავებული ფართის მიხედვით, 1 კვ.მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან.
მოქმედი კანონმდებლობით, კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები გადასახადს ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით იხდიან.