დღეს, 22 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი ვიზიტით გვატემალას ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, ვაშაძე ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციაზეა მიწვეული, რომლის მიზანსაც ცენტრალურ ამერიკაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, ორგანიზებული დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან შესაბამისი დაფინანსების მოპოვება წარმოადგენს.
კონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც ექნება, რომელიც საქართველოს მიერ აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს და კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის გამოცდილებას გააცნობს.
გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე კონფერეციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.