საბერძნეთში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით ათენში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დღეს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ქართველების საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას სწორედ შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ვინაობა. ქურდობაში ეჭვმიტანილ ქართველებს შორის 3 ქალი და 6 მამაკაცია. საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ძებნაა გამოცხადებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეზე.
არსებული ინფორმაციით, მძარცველთა ორგანიზებული ჯგუფი სპეციალური სქემის მეშვეობით მოქმედებდნენ და კვალის არევის მიზნით, პერიოდულად საცხოვრებელ სახლებსაც იცვლიდნენ. საბერძნეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს ძარცვის 200-მდე ფაქტში ადანაშაულებს.
მოქმედი კანონმდებლობით, დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.