საქართველოში პირველად, ინდოეთის საელჩოს ორგანიზებით, ინდური ხალხური (ვარლის) მხატვრობის გამოფენა გაიხსნა. ინდოელი სახალხო მხატვრის, ბაბიტა ბისვას ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 20 ივნისამდე გამოიფინება.
როგორც გამოფენის ორგანიზატორმა და ექსპოზიციის კურატორმა ლელა წიწუაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ეს ნამუშევრები წარმოადგენს ნოვაციას მხატვრობის ამ დარგში, რადგან, როგორც ცნობილია, ვარლის მხატვრობა ძირითადად ყოფითი ცხოვრების მოტივებზე იქმნებოდა.
ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა , რომ ყველასთვის საინტერესო არის ხელოვნება, რომელიც ასახავს ადამიანისა და ბუნების უშუალო ურთიერთობას.
ღონისძიებას ესწრებოდა ინდოეთის ელჩი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ამ ექსპოზიციის არსზე და აღნიშნა, რომ საქართველომდე ეს ნამუშევრები იმყოფებოდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.
ვარლის მხატვრობის ისტორია მოდის მაჰარაშტრადან (დასავლეთ ინდოეთის შტატიდან), სადაც ვარლის ტომის წევრები ძროხის ნაკელით შელესილ უბრალო თიხითა და ლერწმით ნაგებ კარმიდამოებს სხვადასხვა ფერის გეომეტრიული ფიგურებით აგებდნენ. ვარლის მხატვრობაში დომინირებს თეთრი ფერი, რომელიც წმინდა ღვთაებადაა მიჩნეული. მხატრობა პრიმიტიულია, თუმცა ძალიან ექსპრესიული. ეს სტილი ბოლო ოცდაათი წელია პოპულარული გახდა.