"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, 98 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით 20-მეტრიანი რადიუსის დაწესება, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აქციის ორგანიზატორობის უფლების ჩამორთმევა არაკონსტიტუციურად მიიჩნია და შესაბამისი მუხლები გააუქმა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 20-მეტრიანი რადიუსის დაწესება ძალოვანი უწყებებისა და შეიარაღებულ ორგანოებთან, ასევე რკინიგზასთან, პორტებთან, აეროპორტებთან და სასამართლოებთან ძალაში რჩება. ხოლო პოლიტიკური ორგანიზაციების შენობებთან 20 მეტრამდე რადიუსი დგინდება. ორგანოს ეძლევა უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენი მეტრის რადიუსში უნდა ჩატარდეს აქცია, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს 20 მეტრს.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ეძლევა, იყოს აქციის ორგანიზატორი, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და 18 წლამდე პირს ეს უფლებები არ ექნება.
კანონპროექტის განხილვა გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობა პირობას დებს, რომ მეორე მოსმენისთვის რამდენიმე შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.