საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ქუთაისში სამუშაოდ წასვლის სურვილის არქონის გამო თბილისელებზე განაწყენებულია.
"თბილისელი ახალგაზრდები მენტალურად ძალიან ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას და მიდიან ბათუმში სამუშაოდ, მაგრამ ვერ ვნახე ვერც ერთი თბილისელი, ქუთაისში სიამოვნებით წამოვიდეს", - აღნიშნა ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს.
მისი თქმით, ეს მენტალობის პრობლემაა, რომელიც უნდა გადაილახოს და ამის გაკეთება მოუწევთ კიდეც.
დეპუტატის მტკიცებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანა მხოლოდ ამ ქალაქისთვის არ კეთდება, არამედ პირველ რიგში თბილისისთვის და საქართველოსთვის.
"საქართველოში უნდა გაკეთდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი, თბილისთან და ბათუმთან ერთად. ქუთაისმა უნდა შეეძინოს გაცილებით სერიოზული პოლიტიკური ფუნქცია, და არა ის, რომ მარტო ინდუსტრიულ ცენტრად ვაქციოთ", - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ტელევიზიებსაც მოუწევთ ქუთაისში ოფისების გაკეთება პირდაპირი ჩართვებისთვის და თუ "დავით აქუბარდია პროტესტის ნიშნად არ გადავა ქუთაისში, ეს მისი პრობლემა იქნება და არა საქართველოსი ან ქუთაისის".