მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის ხელმძღვანელობამ (ICANN) მხარი დაუჭირა ახალი ზოგადი ზედა დონის დომენური სახელების (gTLD) პროგრამას. საუბარია ზედა დონის დომენურ სახელებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქვეყნის კოდს. დღემდე მსგავსი ტიპის 22 დომენური სახელი არსებობდა, მათ შორის : .com, .edu, .org, .net და ა.შ..
ამ პროგრამაზე მუშაობა სამი წელია მიმდინარეობს. იგი მნიშვნელოვნად გააფართოებს ზედა დონის დომენურ სახელებს (TLDs) და შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ქალაქებსაც კი, მიიღონ თავისი საკუთარი დომენური სახელები, მაგალითად: .სასტუმრო, .თბილისი, .კომისია, .რუსთავი2, .ფეისბუქი და ა.შ..
"უფრო ნათელი რომ გახდეს, რაზე ვსაუბრობთ მაგალითად მოვიყვანთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდს.დღეს ინტერნეტ სივრცეში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მოსახვედრად საჭიროა შემდეგი ინტერნეტმისამართის აკრეფა: www.gncc.ge. ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია შემდეგი ინტერნეტმისამართი აიღოს: www.gncc.commission . მსგავსი ინტერნეტმისამართების აღება შესაძლებელი იქნება როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებისთვის და უბრალო ფიზიკური პირისთვისაც კი", - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
კომისის ინფორმაციით, განაცხადების მიღება ახალი ზოგადი ზედა დონის დომენური სახელებისთვის (gTLD) დაიწყება 2012 წლის 12 იანვრიდან.