"ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობას ქუთაისის სრულ პოლიტიკურ ცენტრად გარდაქმნას სთავაზობენ.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადავიდეს პარლამენტი ქუთაისში და მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური რატომ უნდა იყოს "წამოკოტრიალებული" თბილისის ცენტრში.
"გთავაზობთ, ქუთაისი გავხადოთ სრულად პოლიტიკური ცენტრი და იქ გადავიდეს პარლამენტიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც, ან კიდევ ჩამოვაყალიბოთ ორპალატიანი პარლამენტი. ზედა პალატა იქნება ქუთაისში, ხოლო ქვედა პალატა თბილისში დარჩება და მთავრობაზე კონტროლს განახორცილებს", - მიმართა უმრავლესობას ვეფხვაძემ.
საპარლამეტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ვეფხვაძეს ურჩია, დაივიწყოს ილუზიები.
"ეს ილიზიები დაივიწყეთ. ქუთაისში მოღვაწეობა მოგიწევთ და ამას საზოგადებას ტრაგედიად ვერ მიასაღებთ", - მიმართა ვეფხვაძეს კუბლაშვილმა.