"ქრისტიან-დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობას ქუთაისში პარლამენტის გადატანით "ისედაც ბურუსით მოცულ პოლიტიკურ სივრცეში დაბნეულობის დამატებითი ელემენტების შემოტანაში" ადანაშაულებენ.
"ეს ის ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც ვერაფრით დავიყოლიეთ, რომ თვითმმართველ ქალაქებში მაინც მერი იყოს არჩევით, თვითმმართველობის ფინანსური უფლებამოსილებები უფრო გაიზარდოს, მეტი გადასახადი დარჩეს ადგილზე მოსახლეობას და საკრებულოებში გადაწყვიტონ, რას მოახმარონ ეს თანხები", - დასძინა თარგამაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრზე, პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მის ადმინისტრაციაზე, სადაც მიიღება თითქმის ყველა გადაწყვეტილება - რომელი რაიონის გამგეობაში დამლაგებლად ვინ დაინიშნოს.
"ეს ის ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი, რაც გაკეთა, კონსტიტუცია მიჭრა-მოჭრა. აჭარაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ყველა ლოგიკით უნდა აღემატებოდეს რიგით უფლებაშელახულ თვითმმართველობას, მაგრამ ისინიც კი საქართველოში გაცილებით მაღალი უფლებებით არიან აღჭურვილები, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო ან მისი აღმასრულებელი ხელისუფალი", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
მისი თქმით, პარლამენტის გადატანის საკითხთან დაკავშირებით არც რეგიონალიზმის განვითარებაზეა საუბარი და არც დეცენტრალიზაციის. აქ საუბარია, რომ ისედაც ბურუსით მოცულ, არეულ და დაბნეულ პოლიტიკურ სივრცეში დამატებით შემოიტანონ დაბნეულობის ელემენტები.
"ხალხს იმის გადაწყვეტაც კი გაუჭირდება, სად ჩაატაროს ესა თუ ის პოლიტიკური აქცია. თორემ ჩვენ რომ არ გვეზარება რეგიონებში სიარული და ხალხის პრობლემების პარლამენტში მოტანა", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, პარლამენტში თავმოყრილი ადამიანებს არ აქვთ უფლებამოსილება, იმსჯელონ ისეთ საკითხებზე დაუსაბუთებლად და არაარგუმენტირებულად, როგორც არის საქართველოს დედაქალაქის საკითხის გადაწყვეტა.